გამოყენებითი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაცია, ეიდი (AED)

არაკომერციული ორგანიზაცია (აიპი) გამოყენებითი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაცია ეიდი დაარსდა 2017 წელს სამი თანამოაზრის, მიხეილ სვიმონიშვილის, ფილიპ ეგერისა და თინათინ მახარაძის მიერ. ეიდი ახორციელებს არამომგებიან საქმიანობას საქართველოში თანამედროვე საქველომოქმედო ორგანიზაციისათვის დამახასიათებელი გზით, კერძოდ კი ხელს უწყობს გამოყენებითი განათლების გავრცელებასა და კულტურული აქტივობების განვითარებას. შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია(SASC) არის ეიდის პირველი პროექტი. ეიდი არის SASC-ის ერთპიროვნული მფლობელი, იგი განსაზღვრავს SASC გრძელვადიან მიზნებს, უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებასა და პასუხისმგებელია მის ფინანსურ სტაბილურობაზე.

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში. კოლეჯის მთავარი მიზანია იყოს სასოფლო სამეურნეო საგანმანათლებლო სტრუქტურის მაგალითი ქვეყნის მასშტაბით. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

კოლეჯი იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში
  • საჯარო კოლეჯების პედაგოგების გადამზადება
  • მოკლევადიანი პროფესიული კურსები ფერმერებისა და მოყვარულთათვის; ფერმერთა კონსულტაციები

თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.

მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის მისიაა გახდეს ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროფესიული განათლების  თანამედროვე  საგანმანათლებლო კერა, სადაც დაინტერესებული პირები, განვითარებად სასწავლო  და  სამეწარმეო გარემოში, შეიძენენ  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს; შეძლებენ რესურსეფექტურად,სუფთა წარმოების(cleaner productione)  და გარემოსდაცვითი პრონციპების გათვალისწინებით განახორციელონ პროფესიული საქმიანობა.

ხედვა

უზრუნველყოს სწავლის პერიოდში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვა; გაუზიაროს სტუდენტებს, მსმენელებსა და პერსონალს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, გააცნოს  ინოვაციები, რესურსების გამოყენების  თანამედროვე გზები, განავითაროს კოლეჯსა და ბიზნესს, დაინტერესებულ მხარეებს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმები.ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენი ხედვაა ხუთ წელიწადში გავხდეთ წამყვანი დარგობრივი კოლეჯი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დმანისის რეგიონში, ისე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული სფეროების განვითარებას.

ღირებულებები

კოლეჯის ღირებულებებია: თანამშრომლობა, თვითგამოხატვის თავისუფლება, ღიაობა, გუნდურობა, პროფესიონალიზმი და მდგრადი განვითარება.