კამპუსი

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში, 1300 მეტრზე ზღვის დონიდან.

ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი ახალაშენებულია და ერთმანეთის სიახლოვესაა განთავსებული, რაც კომფორტულ სასწავლო და საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
მთავარი შენობა წარმოადგენს 100 მეტრი სიგრძის კონსტრუქციას, სადაც საერთო საცხოვრებელი, სასწავლო სივრცე და სასტუმრო ერთმანეთს ემიჯნება. სტუდენტების ორადგილიანი საცხოვრებელი ოთახები პირდაპირ უკავშირდედბა სკოლის შენობას, რაც სტუდენტებს კომფორტულ გარემოში სწავლისა და განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს. ერთი კორიდორის სისტემა ამარტივებს გადაადგილებას კამპუსში – აკავშირებს სტუდენტისთვის საჭირო ყველა სივრცეს ერთმანეთთან.

მთავარი შენობა, ფართობით 1800 კვ.მ მოიცავს 32 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, ბიბლიოთეკას, საკლასო ოთახებს, კაფეტერიასა და სასტუმროს 8 ნომრით.

კამპუსის ინფრასტრუქტურას ემატება ორი ახალი მშენებლობა:

  1. 12 ადამიანზე გათვლილი მასწავლებელთა სახლი – ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2023 წლის დეკემბერში
  2. ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მოემსახურება პრაქტიკულ ტრენინგებს სოფლის მეურნეობაში – ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლის აპრილში

ფერმები

ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების მხარდაჭერით, სკოლამ 2021 წლის მარტში შვეიცარიიდან 31 ორიგინალ ბრაუნფი და სვის ბრაუნი ჩამოიყვანა.

„სარკინეთის ფერმა“ – არის ახლადაშენებული შენობა, რომელიც აღჭურვილია საწველი დარბაზით, რძის გამაციებელი სისტემითა და ყველა საჭირო ტექნოლოგიით. ეფექტური ტრენინგების უზრუნველსაყოფად, ფერმის შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახი.

სკოლას სარგებლობაში აქვს 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, რომელთაგან ნაწილი საზაფხულო საძოვრებია, ხოლო ნაწილი – სათიბად გამოიყენება. საკვებწარმოების უზრუნველსაყოფად, სკოლას აქვს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

„გომარეთის ფერმა“ – 2022 წელს კოლეჯმა შეიძინა არსებული ფერმერული მეურნეობა მეზობელ სოფელ გომარეთში, რომელიც მთავარი შენობიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული. ქონება მოიცავს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს, საერთო ფართობით – 6000 კვ.მ. 2023 წელს გომარეთში 40 სულიანი დამატებითი სასწავლო ფერმა მოეწყო.

საქონელი ზაფხულის თვეებს ბუნებრივ საძოვარზე ატარებს და ზამთრის თვეებში თივით იკვებება. ორივე ფერმის წარმოებული რძე შემდგომი დამუშავებისთვის სკოლის ქარხანას მიეწოდება.

ქარხანა

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ყველის საწარმოს დღიური წარმადობა 2600 ლიტრია. მრავალფეროვანი აღჭურვილობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ რძის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის წარმოება. ხარისხის კონტროლის მიზნით, საწარმოს აქვს საკუთარი ლაბორატორია. ეფექტური ტრენინგების უზრუნველსაყოფად, საწარმოს შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახი. ქარხანა აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია – “გრობის” მიერ.

ამჟამინდელი ასორტიმენტი მოიცავს:

  • მთის დამწიფებული ყველი სხვადასხვა დავარგებით (4-10 თვემდე)
  • რაკლეტი
  • მყარი ყველი 12 თვიანი დავარგებით
  • მუჩლი
  • რბილი ყველი თეთრი ობით
  • კრემყველი
  • იოგურტი
  • სასალათე ყველი
  • კარაქი

პროდუქცია წარმოდგენილია ადგილობრივ ქსელებში, სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში. ჩვენი სკოლის წარმოებული ყველი ექსპორტირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.